Friday, December 7, 2012

გარემო და ადამიანი

სადღეისოდ კლინიკური ეკოლოგია წარმოადგენს ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მედიცინაში.
გარემოს დაბინძურება განაპირობებს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარემოში – ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ცხოველურ და მცენარეულ სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას, რასაც მოჰყვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მკვეთრი ზრდა.
ორგანიზმის ლატენტური დაზიანება გარემოს დამაბინძურებელთა ხარჯზე, ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, წარმოადგენს სადღეისოდ ძალზედ აქტიურ ეკო-ჰიგიენურ და კლინიკურ პრობლემას. მით უმეტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გაიზარდოს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით უხილავ ეკოლოგიურ კატასტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ბავშვთა ავადობა.
ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა მოსახლეობაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზების და კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენაში, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევაში, ალერგიული პათოლოგიების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებაში და ამასთანავე აღნიშნული პათოლოგიების სტამდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობაში.
ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნებისათვის, ასევე საქართველოსთვისაც.
აქედან გამომდინარე, არახელსაყრელი ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის შედეგად განვითარებულ დაავადებათა რეტროსპექტული და პროსპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად , წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესამუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

No comments:

Post a Comment