დაბინძურებული საკვები


ჩვენი ცხოვრების რიტმი იმდენად აჩქარებულია, რომ დიდსა თუ პატარას ძალიან უჭირს დროის განაწილება. მით უმეტეს, თუ ქალი მუშაობს. რთული სამუშაო დღის შემდეგ მას აღარც დრო რჩება და აღარც ენერგია საიმისოდ, რომ მეორე დღისთვის კერძები მოამზადოს. ზოგჯერ კი თვით ოჯახის წევრების ყოველდღიური გრაფიკი ისეთი გადატვირთულია, თუნდაც გამზადებული კერძის მისართმევად შინ მისვლის დრო არც რჩებათ. ამიტომ დიდი თუ პატარა, შეიძლება ითქვას, იძულებულია "გარეთ" იკვებოს.

თანამედროვე ცხოვრების სწრაფი რიტმის ადეკვატურად შეიქმნა სწორედ ე.წ. ფასტ ფუდი - სწრაფი კვება, რომელიც მართლაც ეხმარება უამრავ ადამიანს დროის ეკონომიაში. ბავშვები ხომ აღფრთოვანე-ბულიც კი არიან გარეთ კვებით. მათ ძალიან მოსწონთ სწრაფი კვების როგორც პროდუქტები, ასევე პროცესი. მაგრამ სწრაფ კვებას თავისი მომხიბვლელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, უარყოფითი მხარეც აქვს. ის მავნებელია. მით უმეტეს, თუ სისტემატური ხასიათი აქვს. ამიტომ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ კომპრომისი! ფასტ ფუდი სულაც არ არის ამერიკელების გამოგონილი, როგორც მიაჩნიათ. სწრაფი კვების მოყვარულნი ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ, რომელთა სახლებშიც ყოველთვის როდი იყო სამზარეულოები. სამაგიეროდ ხშირად მიდიოდნენ ბაზარში, სადაც მიირთმევდნენ კვერებს ყველით, მწვანილით ან ხორცით, რომლებსაც გადასხმული ჰქონდა ზეითუნის ზეთი. ამგვარი კვებით არც ავადმყოფობდნენ და არც სუქდებოდნენ. მთავარი კი ის გახლდათ, რომ პროდუქტები ნატურა-ლური და ახალი იყო და თანაც, სამკურნალო ზეითუნის ზეთით შეზავებული. ფასტ ფუდის თანამედროვე მწარმოებლები ზეითუნის ზეთს, სამწუხაროდ, არ სწყალობენ და "სწრაფ საკვებს" მავნებელი მარგარინით ამზადებენ. კარგად დაფიქრდით, თქვენი შვილი ბავშვობიდანვე როგორ საკვებს ეჩვევა - დედიკოს ხელით დამზადებულ ხაჭაპურსა და გუფთას თუ ჰამბურგერს? მხედველობაში მიიღეთ, რომ ფასტ ფუდს ბავშვები სწრაფად ეჩვევიან, გამორჩეულად ამოიჩემებენ და იმის გამუდმებულ ახსნას, რომ კარტოფილი ფრი და გაზიანი სასმელები ჯანმრთელობისთვის მავნებელია, აზრი არ აქვს.

No comments:

Post a Comment